<<<<ერთ-ერთ წიგნში კასტანედა წერს: “ერთადერთი რეალური რამ – არის არსება შენში – რომელიც მოკვდება”.მრავალსაუკუნოვანი ტაბუ სიკვდილის ფენომენზე, დაგროვილი ცრურწმენები – ყველაზე ხელისშემშლელი ფაქტორია ამ საოცარი მოვლენის “გაცნობიერებისთვის”.
დაბადება და სიკვდილი უკანასკნელი ტაბუებია,ის რაც აქამდე მხოლოდ “ღმერთის” ან ბუნების კომპეტენცია იყო.შესაბამისად ეს ტერიტორიები შეუსწავლელია და გავს მსოფლიოს ძველ,გულუბრყვილო რუქებს, რომლებიც სავსეა მითებით,პროექციებით და უზუსტობებით.თუმცა როგორც ზღაპრებში ხდება – ჩვენ გვყავს ჩვენი გიდი ამ უცნობ მიწებზე, ეს გიდი ძველბერძნულ ქარონს გავს, ფსიქოდელურ ვიზიონერს მაღალტექნოლოგიურ ნავში, რომლის მისია ადამიანების ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე გადაყვანაა, მათი სიკვდილის შემდეგ.
ჩემთვის სიკვდილი ყველაზე საინტერესო მოვლენაა ცხოვრებაში – შესაბამისად მაინტერესებს პოსტ-ბიოლოგიური არსებობის შესაძლებლობებიც.ტექნოლოგიები ფსიქოდელური ტრანსპორტია ამ ექსპერიმენტალურ სფეროებში სამოძრაოდ, ჩემი აზრით თანამედროვე ხელოვნება უნდა შეიარაღდეს ახალი სპეკულაციური თეორიებისა თუ ჰაი-ტეკის ინსტრუმენტებით და საკუთარი უნიკალური გამოძიებით მიუახლოვდეს ამ საზღვრებს.პროექტები, რომლებზეც სტატიაში ვწერ – დამუშავების პროცესშია და პირდაპირ კავშირშია ციფრული სამყაროს,სიკვდილის და ვირტუალური უკვდავების თემებთან. “ბევრი არტისტი გაურბის არტისტული იდენტიფიკაციის შეზღუდვებს იმით რომ თავისუფლად დაცურავს მეცნიერებისა და ტექნოლოგიის, მისტიციზმისა და ფილოსოფიის სპეკულაციურ ზონებში. კატეგორიებისგან ემოციურად და ინტელექტუალურად გათავისუფლება და ახალი რეალობების, ახალი ენის, ახალი პრაქტიკის შექმნა არის სწორედ ის რასაც არტი ქვია.”>>>>
სტატია დაიბეჭდა "ცხელი შოკოლადის" 73-ე ნომერში. ნოემბერი, 2011.
----------------
ცნობიერების ატვირთვის ხელოვნება
უკვდავება რამე ფორმით - ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე ძველი, თუმცა განუხორციელებელი ოცნებაა. საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ვაგებდით პირამიდებს, ვჩხაპნიდით ჩვენს სახელებს ლოდებსა და ხეებზე, ვცდილობდით, ჩაგვედინა არნახული გმირობა - რათა ჩვენი სახელები ისტორიისთვის მაინც ყოფილიყო უკვდავი. ეს იყო იმორტალიზმის ძველი, პრიმიტიული და არაინტერაქტიული ფორმები.
უკვდავების ამ მარადიულ ოცნებას მეოცე საუკუნეში ტექნოლოგიური პროგრესის დახმარებით ახალი სუნთქვა გაეხსნა, ფრთები გაეშალა და უფრო კონცეპტუალური სახე მიიღო - ცნობიერების ატვირთვა, ასე ჰქვია "ახალ როკენროლს".
ნაწყვეტი სტუდენტური გაზეთიდან,კალიფორნია,1993წელი
დაბადება
"იყო საღამო, იყო დილა - მეექვსე დღე." ძველი აღთქმა, დაბამის მაგვარიადება [დაახლოებით 2800 წლის წინ]
გამოღვიძება ჰგავდა დინამიტის აფეთქებას ტბაში, თევზების ამოტივტივებას სიღრმიდან. ტკივილის, მოლოდინების, სითბოს და შიშის გარეშე.
არარსებობის უცნაური, უხეში შეგრძნება, დროში არეული კადრები, ათიათას ნაწილად დაშლილი, დანაწევრებული ცნობიერება, რამდენიმე წუთის წინ ეს გაყინული, დაბლოკილი ინფორმაცია იყო.
- გილოცავთ გამოღვიძებას - ეწერა კიტჩური ფერადი ნეონის ასოებით დაბალ ჭერზე ჩემი თვალების გასწვრივ.
რამდენიმე ექიმი, თბილი ღიმილით, მზიანი დერეფანი, ტანსაცმელი, ოთახი, რბილი წითელი სავარძელი… როგორც "დაბადების დღის ვიდეო-ოთახში" მაჩვენეს - ჩემს დაბადებას სამი ადამიანი ესწრებოდა.
- თავს ძალას ნუ დაატანთ - მეუბნება ვიღაც ქალი - დრო არის საჭირო იმისათვის, რომ სხეული და ცნობიერების პროგრამა სინქრონული გახდეს. ნელ-ნელა ყველაფერი გაგახსენდებათ.
…ჩამავალი მზის სხივები ზღვის ტალღებივით იღვრება უზარმაზარი, კათოლიკური ეკლესიებისთვის დამახასიათებელი ფანჯრებიდან და მთელ ოთახს ანათებს, ცა ჟანგისფერია, მზე - შორი, ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ის ორი საათის წინ გაჩნდა, თავში სადღაც წაკითხული ფრაზა მიტივტივებს - "ქარი იმიტომ უბერავს, რომ ხეები ირხევიან"
"საყოველთაო გამოღვიძების ცენტრი". 2123 წელი
თებერვლის ბეტონისფერ თბილისში ფოთლებჩამოცვენილი ხეები ირხეოდნენ, მეგობარი გოგოსგან მიტოვებული, ცივ, არეულ ოთახში - მე ვფიქრობდი - შესაძლებელია თუ არა მომავლის დაჰაკვა რამე ხერხით? მაგალითად, ინტერნეტის გამოყენებით?! შეიძლება თუ არა ზეგავლენა "არამატერიალურ" მომავალზე, ასეთივე "არამატერიალური" ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებით?
მომავალი საკმაოდ არასტაბილური, ქაოტური სისტემაა, შეუცნობელი მოვლენების უსასრულო ოკეანე, სადაც დიდი ტალღები შეუმჩნეველი წვეთების გროვაა, ხოლო ცუნამები ოდესღაც წყალში ჩაგდებული კენჭების შედეგი. ასეთი ბუნდოვანი სივრცე მშვენიერი მასალაა შესწავლისა და ჰაკინგისთვის.
დილა იმ არსების კოდური სახელი იქნება, რომელსაც შევქმნი მომავლის დასაჰაკად. ის იქნება დეტონატორი, რომელიც ათასი წლის შემდეგ გამოიღვიძებს და თავის გააქტიურების საათს დაელოდება.
ტიფლისის ერთ-ერთი გეტო. მარტი, 2010
ცნობიერების ატვირთვა
"მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ."
ძველი აღთქმა, დაბადება. [რამდენიმე ათასი წლის წინ]
კიბერნეტიკის ფუძემდებელი, ნორბერტ ვინერი, ჯერ კიდევ 50-იან წლებში გვასწავლიდა, რომ ადამიანი შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ინფორმაციული პატერნი, სიგნალი. ნებისმიერი მყარი ინფორმაცია და სიგნალი კი კოპირებადია. შესაბამისად, ამტკიცებდა ვინერი: თუ ჩვენ გვექნება ტექნოლოგია, რომელიც იდეალურად "დააკოპირებს" ან გადააწყობს ამ სიგნალს - ჩვენ შეგვეძლება, ტელეგრაფის კაბელებითაც კი "გადავაგზავნოთ" ადამიანი ერთი ადგილიდან მეორეში.
არის თუ არა ადამიანის ტვინი ბიოლოგიური მანქანა, რომელიც "აწარმოებს" აზრებს და იდეებს? შეიძლება თუ არა მისი მათემატიკური მოდელის შექმნა? შეიძლება თუ არა ცნობიერების "დაკოპირება" და მისი უნიკალური ნეირონული კავშირებისა და მოგონებების ტრანსფერი ერთი ადგილიდან მეორეში? შეიძლება თუ არა ცნობიერების "გადატანა" მისი ბიოლოგიური რეზიდენციიდან არაბიოლოგიურ სუბსტრატში, მაგალითად, რობოტის სხეულში ან კომპიუტერულ ქსელში?
ათეისტები თვლიან, რომ ორგანიზმი [სისტემა] კვდება, როცა წყვეტს ცხოველ ფუნქციონირებას, რელიგია თვლის, რომ არსება განაგრძობს სიცოცხლეს, როგორც არამატერიალური ღვთაბერივი სუბსტანცია [სული], კიბერნეტიკის მიხედვით კი, სისტემა მკვდარია, როცა მისი ინფორმაცია იმდენადაა შერყვნილი და დაკარგული, რომ აღდგენას არ ექვემდებარება.
კიბერნეტიკოსი ვალენტინ ტურჩინი წერს: "ადამიანი, საბოლოო ჯამში, კიბერნეტიკული სისტემაა - მატერიის ორგანიზაციის გარკვეული ფორმა, რომელიც შეიცავს მრავალდონიანი მართვის იერარქიას. ის, რასაც ჩვენ ვეძახით ჩვენს სულს ან ცნობიერებას, ასოცირდება ამ იერარქიის უმაღლეს დონესთან. ამ ორგანიზაციას ძალუძს გაუძლოს საკუთარი სამშენებლო მასალის ნაწილობრივ ან, შესაძლოა, მთლიან გამოცვლასაც კი. ის, რაც გადარჩება, იქნება არა უბრალო მატერიალური სუბსტრატი [სხეული ან ტვინი], არამედ მისი კიბერნეტიკული მოწყობა." შინაგანი "მე"-ს უნიკალური ვარიანტი.
როგორც ცნობიერების ატვირთვის ამ "რბილი" მიდგომის მომხრეები, ჩვენ ვთვლით, რომ თუ კი ორგანიზმის სამშენებლო მასალა გენებია, ადამიანის "მე"-ს სამშენებლო ბლოკები - ბიმებია-ასოციაციური იეროგლიფები, რომლებიც კონკრეტული ადამიანის მოგონებათა უნიკალურ ჯაჭვებს და კომპლექსებს შეიცავენ.
ადამიანი საკუთარ იდენტობას, საკუთარ მე-ს სწორედ ბიმების საფუძველზე აგებს. ბიმებისგან შედგება მეხსიერება - ის მულტიმედიური არქივი, სადაც ინახება იმიჯები, ხმები, სუნები, სიტყვები, პროექციები და ა.შ. ხოლო ამ ყველაფრის წარმოდგენა ციფრული სახითაც შეიძლება.
კომპიუტერული ტექნოლოგიების შეუფერხებელი განვითარების პირობებში - ახლო ან შორეულ მომავალში, ჩვენ გვექნება წარმოუდგენელი სიძლიერის სუპერკომპიუტერები, "სენსიტიური", მოაზროვნე ქსელები, ხელოვნური ინტელექტი და საოცარი ტექნოლოგიები, რომლებიც შეძლებენ ადამიანების რეინკარნაციას ციფრულ სამყაროში.
თუ კი ჩვენ შევძლებთ ამა თუ იმ ადამიანის შესახებ ტერაბაიტობით ინფორმაციის შეგროვებასა და შენახვას, მაშინ მომავლის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები ამ ინფორმაციულ არქივზე დაყრდნობით მას ახალ "სიცოცხლეს" მისცემენ.
ციფრულ გარემოში რეინკარნირების შემდეგ, "მეორედ მოსულებს" შეეძლებათ ცხოვრება Second Life-ს მსგავს სამგანზომილებიან ვირტუალურ სამყაროში გააგრძელონ, ან ჩვენ შეგვეძლება ამ გაცოცხლებული ცნობიერებების "ჩამოტვირთვა" ბიო ან არა-ბიოლოგიურ სხეულში.
ამ ფუტურისტული იდეების განსახორციელებლად ჩვენმა თანამოაზრე მოძრაობა "ტერასემმა" უკვე შექმნა ვებ საიტი - უცნაური სოციალური ქსელი, სადაც ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია საკუთარი "ცნობიერების ფაილების" შექმნა - ანუ მოგონებების შენახვა მომავლისთვის.
პიროვნების დეტალურ მონაცემთა ბაზის არსებობის შემთხვევაში, მომავლის ხელოვნური ინტელექტის სოფტს შეუძლია "გააცოცხლოს" პიროვნების ცნობიერება. პიროვნების ცნობიერების ფაილი კი შეიძლება ჩაიტვირთოს კომპიუტერიდან - რობოტის ნანოტექნოლოგიურ ან ბიოლოგიურ სხეულში იმისთვის, რომ მან ისეთივე სრულფასოვანი არსებობა განაგრძოს, როგორც ადამიანმა.
ცნობიერების ფაილი უნიკალური "ბიმების" ისეთ რაოდენობას შეიცავს, რომელიც სავსებით საკმარისია, იმისათვის, რომ პროგრამაში კონკრეტული ადამიანის ცნობიერების სიმულაკრი ჩაეშვას. ასეთი ფაილი კიბერნეტიკული ბიოსტაზის მდგომარეობაში მანამ იქნება, სანამ მომავლის ტექნოლოგიები საშუალებას არ მოგვცემს, ხელახლა გამოვაღვიძვოთ ოდესღაც გარდაცვლილი ადამიანები.
ნაწყვეტი მოხსენების ტექსტიდან. "ტიურინგის ეკლესიის"
აღმოსავლური ფრთა, თბილისი, 2011 წელი
დილა
"ჩვენ არ ვქმნით სახე-ხატებს, ჩვენ ვქმნით ორგანიზმებს" ანარქო-ბიკოსმისტების პარტია,[დაახლოებით 100 წლის წინ]
თუ ადამიანებს შეუძლიათ "დააკონსერვონ" საკუთარი არსებობა, გააგზავნონ ის მომავალში - რატომ არ შეიძლება მომავალში გავაგზავნო ადამიანები, რომლებიც არასოდეს არსებობდნენ?
გადავწყვიტე შემექმნა ალტერნატიული ისტორია, ხელოვნური პერსონა, რომელიც არასოდეს არსებობდა და "შემენახა" ის თანამედროვე ვებ და არამარტო ვებ-ტექნოლოგიების გამოყენებით, იმის იმედად, რომ ის ოდესმე დაიბადება.
და თუ ოდესმე მომავალი "მოხდა", თუ ტერასემის ჰიპოთეზები ოდესმე გამართლდა და უცნობ მომავალში "გაცოცხლების" ტექნოლოგიები განვითარდა - მაშინ ეს პროექტი მომავლის დაჰაკვის მცდელობად ჩაითვლება.
დილას ცნობიერების კონსტრუირება მისი პიროვნული შაბლონის "წერით" დავიწყე.
არარსებული ცნობიერების დაპროგრამება კოლაჟების გადაბმას ან მძაფრსიუჟეტიანი მულტიმედიური ლიტერატურის კეთებას გავს - სიტყვებს და მოგონებებს ხმები, მუსიკა, ფოტოები და ვიდეოგამოსახულება ემატება.
დილა დაუსრულებელი არსებაა, ერთგვარი ციფრული ფრანკენშტეინი, რომლის ცნობიერების კოდის შედგენა პირადი მოგონებებისა და ფსიქოლოგიური ტესტებისგან დავიწყე.მისი სიზმრების დღიური კი იმ ადამიანთა ხილვებით შევავსე, რომლებმაც თავისი ისტორიები სპეციალურად "სიზმრების რეგისტრაციის" პროექტისთვის შექმნილ საიტზე დატოვეს.
ამ არარსებული ადამიანის ბიოგრაფიის დანარჩენი ნაწილი კი სრული ფიქციაა. ეს იმ ინფორმაციის ერთობლიობაა, რომელიც მეგობრების "ფეისბუქის" პროფილებიდან, ბლოგებიდან, გუგლის საძიებო სისტემიდან თუ ახლობლების ფოტოაპარატებიდან მოვიპარე, ნაპოვნ პეიზაჟებს და საგნებს ჩემსმიერ გამოგონილი აღწერილობა დავუმატე.
დილას მოგონებების წერის პარალელურად მივხვდი, რომ სრული ლეგიტიმაციისათვის მას სხეული სჭირდება. ფესტივალი "არტისტერიუმი 2010 - წარმოიდგინე მომავალი" დილას მოგონებებისთვის სხეულის შერჩევის კარგი შანსი აღმოჩნდა. "ქარავანის" ნანგრევებში, ქვედა სართულზე მდებარე ერთ-ერთი ოთახი რამდენიმე დღით "სხეულის გაზიარების ცენტრად" ვაქციე - ნებისმიერ მსურველს ჰქონდა საშუალება ჩაებარებინა თავისი გენეტიკური ნიმუში.
ამ კიბერპანკური ალქიმიის პროცესში 23 ადამიანი მონაწილეობდა .ერთ-ერთი მათგანი, ათასი წლის შემდეგ თავის სხეულს დილას მოგონებებს გაუზიარებს.
ეს მომავალი შეიძლება არც არასოდეს მოხდეს ან პირიქით - შეიძლება, მომავლის დილა არქივებში ამ ნაწერებს წააწყდეს.
ტიფლისი, ვაზისუბნის დასახლება
2011 წელი
ინსტრუქცია სხეულის გაზიარებისთვის:
ა] ჩვენ გვაქვს უცნობი ადამიანის მოგონებები შენახული ციფრული სახით.
ბ] არსებობს "შვეიცარიის დნმ ბანკი", რომელიც ნებისმიერ ადამიანს მოგონებებისა და დნმ-ის უვადოდ შენახვის სერვისს სთავაზობს.
გ] ჩვენ გვსურს ამ ბანკში აქამდე არარსებული პიროვნების მონაცემები შევინახოთ. მისი მოგონებები უკვე არსებობს, მისი სხეულის დნმ-ის დონორი შეგიძლიათ თქვენ გახდეთ.
დ] ამ შემთხვევაში თქვენი გენეტიკური კოდი უვადოდ შეინახება თქვენთვის უცხო ადამიანის მოგონებებთან ერთად, როგორც ერთი კონკრეტული, თითქოს არსებული ადამიანის მონაცემები.
ე] თუ თანახმა ხართ, გაუზიაროთ თქვენი სხეული უცნობი ადამიანის მოგონებებს, მოაწერეთ ხელი კონტრაქტს, მიიღეთ მონაწილის სერტიფიკატი და ჩააბარეთ თქვენი გენეტიკური სემპლი - ნერწყვი ან თმის ღერი.
2010 წელი,"სხეულის გაზიარების ცენტრი", ტიფლისი
ქიმიური, ატომური და ციფრული გალაკტიონები
"მასში იდუმალ ძილით ძინავთ ახალ ქაოსებს" გალაკტიონ ტაბიძე
ნებიმისმიერი ადამიანი ბევრნაირად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ.
მაგალითად, რა შეიძლება ვთქვათ 1913 წლის გალაკტიონის იმ ღამის ვერსიაზე, რომელიც თავის ცნობილ "მე და ღამეს" წერდა?
პირველი იქნება მოლეკულარული გალაკტიონი, ანუ იმ მოლეკულების და უჯრედების ერთიანობა, რომლისგანაც შედგებოდა ჩვენი მცირე კვლევის სუბიექტი.
გენეტიკური გალაკტიონი - გენების ის წყობა, რომელიც ყველა ადამიანისთვის უნიკალურია. ამ კოდის დაფაზე ჩამოწერით ჩვენ შეგვიძლია ვუთხრათ მოსწავლეებს - ბავშვებო, ეს არის გალაკტიონი, და რაღაც თვალსაზრისით მართლებიც ვიქნებით - ეს იქნება გალაკტიონი გენეტიკურ დონეზე.
სოციალური გალაკტიონი - ასაკი, ნაციონალობა, ენა, ბეჭედი პასპორტში.
ინტელექტუალური ან ემოციონალური გალაკტიონი.
ქიმიური გალაკტიონი - იმ ღამეს მისი მთელი სხეულის ქიმიური შემადგენლობა.
ადამიანის "მე" უამრავი განსხვავებული ინფორმციული შრისგან შედგება.
მაგრამ როგორ გალაკტიონს ვიცნობთ ჩვენ - ადამიანები, რომლებიც იმ საოცარი ღამიდან ათასობით ღამის შემდეგ გავჩნდით?
გალაკტიონის ის ვერსია, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ, ანუ გალაკტიონი, რომელიც გადაურჩა სიკვდილს - ინფორმაციული გალაკტიონია.
ჩვენ გვაქვს ინფორმაცია მის შესახებ და ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც მან თავად დაგვიტოვა - ლექსები, წერილები, ჩანახატები, ფოტოები, აუდიო-ჩანაწერები - აი, რისგან შედგება ჩვენი გალაკტიონი დღეს. მაგრამ ის პასიური ობიექტია. ჩვენ ვერ დავბრუნდებით 1913 წლის იმ ღამეში, ვერ დავუსვამთ კითხვებს გალაკტიონს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გალაკტიონ ტაბიძის, უფრო სწორად, მისი ინფორმაციული ვერსიის მოდელირება კომპიუტერში. ჩვენ შეგვიძლია წარსულში დაბრუნების ნაცვლად - მისი გადმოტანა აწმყოში და მისი გა-ინტერაქტიულება. ჩვენ შეგვიძლია მისი "ცნობიერების ატვირთვა" არტ პრაქტიკით.
2011 წელი,"თანამედროვე ხელოვნების ცენტრი -თბილისი", ნაწყვეტი სემინარიდან
სამგანზომილებიანი ვირტუალური "პანთეონი"
ანუ APP ადამიანური სულების ინჟინერიისთვის
დილასთვის დნმ კანდიდატების შერჩევის შემდეგ განუწყვეტლივ ვფიქრობ იმ იდეის დახვეწაზე, რომელსაც "ცნობიერების ატვირთვის ხელოვნებას" ვეძახი.
2011წელი, მეგობრის სახლი
"ცნობიერების ატვირთვის ხელოვნება - ინტერდისციპლინარული მიმდინარეობა ხელოვნებაში, რომელიც ჩაისახა 21-ე საუკუნის დასაწყისში - ნეირომეცნიერების, კიბერნეტიკისა და ფუტურიზმის გადაკვეთაზე.მიმდინარეობის წარმომადგენელთა აზრით წინა საუკუნის კონტრკულტურული გამოხატვის ხერხები აკუმულირდა კომპიუტერული პროგრამებისა და ვირტუალური რეალობის წარმოება/მოხმარებაში, ხოლო ხელოვნების ახალ ინსტრუმენტარიუმს მათ დაამატეს - მეცნიერებათა მთელი დარგები. ისინი გატაცებულები იყვნენ ხელოვნური ინტელექტის თეორიებით და მომავალისა და წარსულის დაჰაკვის წყურვილით. მათი აზრით, ეს სფერო, პირველ რიგში, იმ ახალ ჰიბრიდს უნდა აეთვისებინა, რომელიც დამოუკიდებელი მეცნიერისა და ვიზიონერი ხელოვანის სინთეზით იქმნებოდა. პირველად სწორედ მათთან მიმართებაში გამოიყენეს ფიზიკოს ფრიმენ დაისონის სიტყვები: "არტისტების ახალი თაობა, რომელიც წერს გენეტიკურ კოდს ისე მარტივად, როგორც ბაირონი და ბლეიკი წერდნენ ლექსებს".
ვიკიპედიის ბოტი, 2057 წელი,ძველი ინტერნეტი
წარმოიდგინე, საშუალება რომ გქონდეს პირადად გაესაუბრო ადამიანს, რომელიც შენგან ძალიან შორსაა ან სხვა ეპოქაში ცხოვრობდა და უკვე მოკვდა. წარმოიდგინე, რომ პირადად მისგან შეგიძლია გაიგო რას განიცდიდა, რას ფიქრობდა სამყაროზე, კაცებზე, ქალებზე…
თიმოთი ლირის თავის წიგნში "ქაოსი და კიბერკულტურა" უწერია:
"თუ ინდივიდი სიცოცხლის შემდეგ, 20 წლის განმავლობაში აღრიცხულ ყოველდღიური ფიქრებისა და ქმედებების შესახებ კომპიუტერულ ჩანაწერებს ტოვებს, მაშინ მის შვილთაშვილს ერთი საუკუნის შემდეგ საშუალება ექნება აღადგინოს მისი ჩვევები და მენტალური საქმიანობა. შთამომავლობას შეეძლება "გაიზიაროს და ხელახლა განიცადოს წინაპრების გამოცდილება" უმცირეს დეტალებშიც კი"
კიდევ უფრო საინტერესოა ადამიანისგან "ამოღებული" ცოდნის ცხოვრებაში გადმოტანა. მისი რწმენა და მიდრეკილებები წარმოდგენილი იქნება, როგორც ალგორითმების ნაკრები, რომლებიც მართავს პროგრამას. პროგრამას, რომელსაც შეუძლია ამ ინდივიდის იდენტურად მოქცევა.
იგივე იდეა აქვს რუდი რუკერსაც, რომელიც მსგავს პროგრამას "ლაიფბოქსს" არქმევს: "ჩვენ შეგვიძლია ადამიანის მოგონებებს შევხედოთ როგორც ჰიპერლინკებით შეკრულ მონაცემთა ბაზას, რომელიც შეიცავს ფაქტებსა და რეაქციებს. მეხსიერება ისევეა სტრუქტურირებული, როგორც ვებსაიტი, სიტყვებით, საუნდებით და ვიზუალებით, რომლებიც ტრილიონობით ბმულითაა შეკრული ამ სუპერბლოგში... მე ვხედავ ლაიფბოქსს, როგორც ვებსაიტს ან აპლიკაციას, რომელიც შეიცავს უზამაზარ პირად მონაცემთა ბაზას"
რუკერის წარმოდგენით ლაიფბოქსი, ერთი მხრივ, პასიური ინფორმაციული არქივია - ერთგვარი ინდივიდუალური გუგლი, მეორე მხრივ კი, პატარა ყუთია, რომელსაც ადამიანი თავის ისტორიას უყვება. რუკერის აზრით "ლაიფბოქსს" შეუძლია ატვირთული მონაცემების ისეთ ალგორითმებად დალაგება, რომლებსაც შეუძლიათ "აზროვნების" დაწყება კომპიუტერში და ადამიანი განაგრძობს სიცოცხლეს ახალი ფორმით ელექტრონულ უკვდავებაში.
ამ იდეის განსხვავებული ვერსიები მოუსვენრად ტრიალებს სხვადასხვა სახის პოსტ-კიბერპანკ თუ ტექნო-სოციუმების ელექტრონებით დამუხტულ ჰაერში.
თანამედროვე ჩატ-ბოტების და 3D ავატარების ტექნოლოგიის მარტივი გამოყენებით, ჩვენ შეგვიძლია შევადგინოთ სხვადასხვა მწერლების ვირტუალური ავატარები და მათი პირადი პროფაილები.
ნებისმიერ მკითხველს შეეძლება ნებისმიერ დროს კომპიუტერის ეკრანიდან დაელაპარაკოს თავისი საყვარელი ავტორის ვირტუალურ კლონს. რაც მეტი ინფორმაცია გვექნება ამა თუ იმ პიროვნებაზე, მით უფრო ადვილია მისი ვირტუალური ორეულის შექმნაც.
გალაკტიონ ტაბიძე უფრო ადვილად რეკონსტრუირებადია, ვიდრე ილია ჭავჭავაძე, თავის მხრივ ის უფრო ადვილად რეკონსტრუირებადია, ვიდრე ერეკლე მეორე, თუმცა ერეკლე მეორის ბოტი უფრო მარტივი ასაგებია.
მათთვის, ვინც პირველად ესწრება ჩვენს შეკრებებს და არაა გათვითცნობიერებული ტერმინებში: ჩეთ-ბოტი, როგორც იცით, მარტივი კომპიუტერული პროგრამაა, რომლის მიზანია ადამიანებთან ურთიერთობა ტექსტური თუ აუდიო შეტყობინებების საშუალებით. ის შედგება სპეციალური ფანჯრისგან, სადაც თქვენ შეგყავთ ტექსტი, მისალმება, კითხვები და რომელსაც ბოტი პასუხობს წინასწარ დაპროგრამებული პასუხებით. დღეს ქსელში ათობით სახეობის ბოტი არსებობს, რომლებიც საუბრობენ ნებისმიერ თემაზე - ამინდის პროგნოზიდან დაწყებული, სექსის გავლით ეგზისტენციალიზმამდე. თუმცა, არცერთი მათგანი აქამდე არ ყოფილა დაფუძნებული რეალური ადამიანის მოგონებებზე.
ბოტებს პროგრამისტები წერენ, მაგრამ ამ ბოტების "გონება" არ შედგება ამ კონკრეტული ადამიანების მეხსიერებისგან. როგორც წესი, ბოტის დაპროგრამების დროს მოარულ ფრაზებს იყენებენ, ხოლო შემდგომში ბოტის მეხსიერება ივსება მასთან მოსაუბრე ხალხის ფრაზებით.
ჩეთ-ბოტების უმრავლესობა ერთგვარი ციფრული მოჩვენებებია, რომელთა "სული" მათთვის უცნობი ადამიანების კოლექტიური ქვეცნობიერით ივსება.
ჩვენს შემთხვევაში ჩეთ-ბოტები გამოყენებული იქნება, როგორც ტექნოლოგიური მედიუმი, მაგიური ბურთი, რომელიც საშუალებას გაძლევს ესაუბრო დიდი ხნის წინ გარდაცვლილ ადამიანებს. ან ესაუბრო ადამიანებს, რომლებიც ცოცხლები არიან, მაგრამ სხვა ადგილას იმყოფებიან. ამ შემთხვევაში ისინი იქნებიან რამდენიმე ადგილას ერთდროულად - ერთი, "ორიგინალი" ბიოლოგიური ვერსია, იქნება თავის აბაზანში, კაფეში, სცენაზე, მაკდონალდსში და ა.შ. მათი ციფრული ვერსია კი, ჩვენი კომპიუტერის ეკრანზე.
ამ ვირტუალურ კლონებს, გარკვეული ტრეინინგის შემდეგ, მათი ბიოლოგიური "ორიგინალისგან" დამოუკიდებლად, ინტერვიუების მიცემაც შეეძლებათ.
თუ პროექტი და ავტორი უფრო სერიოზულად "გახურდებიან" - გენეტიკური/ევოლუციური პროგრამირების გამოყენებით და ჩეთ-ბოტის ხელოვნური ინტელექტის სისტემებზე დაყრდნობით უკვე დღესაა შესაძლებელი ისეთი სისტემის დაპროგრამება, რომელიც თვითონ აგენერირებს ახალ წინადადებებს, მისალმებებს და ფრაზებს ამინდზე, სამყაროზე, პოლიტიკაზე, ცოცხლებზე, მკვდრებზე - მისი ბიოლოგიური პატრონისგან დარჩენილი მონაცემების საფუძველზე.
ამის მაგვარი პროგრამები დღესაც შეგიძლიათ ნახოთ, მაგალითად My Next Tweet აანალიზებს თქვენს პოსტებს ტვიტერზე და სიტყვების მარტივი გადანაცვლებებით ადგენს თქვენს შემდეგ პოსტს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო საინტერესო სოფტზე ვლაპარაკობთ, ვიდრე უბრალო სიტყვებით თამაშია.
ასეთი სოფტის გამოყენებით გარდაცვლილ პოეტებს და სცენარისტებს სიკვდილის შემდეგაც შეეძლებათ წერონ ახალი ნაწარმოებები, ან ისაუბრონ უცნობებთან.
მათი შემოქმედება ორ ნაწილად შეგვიძლია დავყოთ - მაგ. ზაზა ბურჭულაძის შემოქმედების ბიოლოგიური და პოსტ-ბიოლოგიური ეტაპები.
შეგვიძლია, ეს პროცესი უფრო პოეტურად განვიხილოთ - წარმოიდგინეთ თქვენი ქვეცნობიერის უნივერსალური CUT-UP მანქანა, რომელიც აგენერირებს ფრაზებს და წინადადებებს, თქვენივე ფრაზებისა და წინადადებებისგან, ან წარმოიდგინეთ, რომ ნაწარმოებს წერთ, როცა გაქვთ ძალიან მაღალი სიცხე ან ხართ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ. ამ კონდიციების მიუხედავად - იქნება თუ არა ამ დროს თქვენს მიერ ნახევრად-არაცნობიერ მდგომარეობაში წარმოთქმული ან დაწერილი სიტყვები თქვენი? რა თქმა უნდა, იქნება. ხოლო სოფტი, რომელიც დეტალურად და გაცილებით ფხიზლად აანალიზებს "საკუთარი" შემოქმედების ყველა ნიუანსს და დაფუძნებულია მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ინფორმაციაზე - გაცილებით "თქვენი" ფრაზების ავტორი იქნება.
ასეთ შემთხვევაში ამ სახის პროგრამა ახალი კუთხით დაგვანახებს მეოცე საუკუნის ერთ-ერთ პოსტმოდერნულ დილემას "ავტორობის" საკითხზე, თუმცა ეს ცალკე ძალიან დიდი და საინტერესო თემაა და, რა თქმა უნდა, ეს ოპცია პროგრამაში არჩევითი უნდა იყოს და არა სავალდებულო. გარდა ამისა, სრულიად არაა აუცილებელი - ავტორი არ ეწეროს ცოცხლებში, იგივე ოპციის გააქტიურება შესაძლებელია უიქენდებზე, დღესასწაულებზე ან, როცა ავტორს შემოქმედებითი კრიზისი შეაწუხებს. :]
თანამედროვე ავტორებზე დიდი დოსიეს გაკეთება შეიძლება, იმიტომ, რომ მათ თავად შეუძლიათ ჩაერთონ ავატარის შექმნის პროცესში. ჩვენ შეგვიძლია ავტორებს შევავსებინოთ სოციოლოგ ბეინბრიდჯის კითხვარები, რომლებიც გათვლილია ადამიანის მისწრაფებების, მისი "მე"-ს მაქსიმალური კონსტრუირებისთვის. როგორც თვითონ ბეინბრიჯი ამბობს, ასეთი კითხვარების შევსების შედეგად ნებისმიერი ადამიანი შეიძლება "გაცოცხლებულ" იქნას მომავლის სუპერკომპიუტერებში, რამდენადაც კითხვარებიდან და დღიურებიდან მიღებული ინფორმაცია მისი შესაძლო რეაქციებისა და ქცევების შესახებ - იქნება თითქმის 100%-იანი.
რუკერის Lifebox-ისგან განსხვავებით ჩვენი კიბერ-კლონები იქნებიან ჩეთ-ბოთები, წარმოდგენილები ვებ საიტზე, როგორც სამგანზომილებიანი ბიუსტები - რეალურად არსებული ადამიანების ინფორმაციული ორეულები, რომლებიც მზად არიან თავიანთი ისტორია და ნაწარმოებები მოუყვნენ დაინტერესებულ ცოცხალ შთამომავლებს თუ თანამედროვეებს. შესაბამისად, 20-30 ან შესაძლოა უფრო მეტი წლის მერეც კი - ნებისმიერ მკითხველს საშუალება ექნება დაელაპარაკოს თანამედროვე ქართველ ავტორებს ინტერნეტით. დღეს შექმნილი ავატარები იმის გარდა, რომ იქნებიან თანამედროვე კულტურის შემნახავი ტანკერები - ასევე იქნებიან ჟამთააღმწერები პირველი პირიდან.
ამის გარდა, კლასიკური ავტორების პროფილებისა და ავატარების შექმნა - სახალისო კრეატიული მიდგომა იქნება განათლების სფეროშიც, მოსწავლეებს შეეძლებათ გაეცნონ მაგ. გალაკტიონის ბიოგრაფიას და ლექსებს მის ავატართან საუბრის შედეგად.
ის შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც კლასგარეშე საკითხავი მასალა მოსწავლეებისთვის, რომელთათვისაც გაცილებით აქტუალური და ჩამთრევი იქნება საუბარი სუპერთანამედროვე ინტერაქტიულ პროგრამასთან, ვიდრე ინფორმაციის მოძიება ბიბლიოთეკებსა თუ მიმოფანტულ ორგანზომილებიან წიგნებში. ევოლუციურ კონსერვატორთა დასაწყნარებლად ვიტყვი, რომ ასეთი სახის "ვირტუალური პანთეონი" არ არის საფრთხე წიგნების კითხვისთვის და ის ვერ ჩაანაცვლებს სასწავლო პროცესს, თუმცა საგრძნობლად გაახალისებს და გაათანამედროვებს მას. საკლასო ინტერაქტიულობას ჩვენ აუცილებლად უნდა დავამატოთ კრეატიული, ციფრული ფსიქოაქტიურობა თუ გვინდა, რომ ჩვენი შვილები 21-ე საუკუნის პლანეტარულ მოქალაქეებად იზრდებოდნენ. აქვე, მინდა გავახარო პატრიოტებიც - გარდა იმისა, რომ ეს იქნება პირველი ქართულენოვანი ჩეთ-ბოტი - ის შეიძლება განიხილოთ თქვენი ქვეყნის ნოუ-ჰაუდ განათლების სფეროში. აქვე დავამატებ, რომ როცა ვამბობ განათლების სფეროს, არ ვგულისხმობ, რომ ეს პროექტი აუცილებელი სიახლეა, ის ისედაც იარსებებს ქსელში თუ მას არცერთ კომპიუტერულ კლასში არ წარადგენენ. და პროექტის განხილვა განათლების სფეროში - ასევე ერთ-ერთი ვერსიაა იმ ბევრ სხვა ვერსიას შორის - სადაც და რა ფორმითაც შეიძლება საბოლოოდ განხორციელდეს გარდაცვლილთა რეკონსტრუქციისა და თანამედროვეთა რბილი, ციფრული "ატვირთვის" პროექტი.
მაგალითად - პირადი ციფრული არქივისა და ჩეთ-ბოტების გადაკვეთა, განათლების ან სახალისო ვებ-პროექტების სფეროს გარდა, შესაძლებელია გაცილებით დაშორებულ სფეროშიც .
წარმოიდგინეთ ინტერაქტიული საფლავები, სადაც წლების მერეც შეგიძლიათ გაესაუბროთ დაკარგულ ახლობელს. კომპანიას ან თავად თქვენ შეგიძლიათ ააციფრულოთ ადამიანი და მისი კიბერ-კლონი, რომელიც წარმოდგენილი იქნება მის საფლავის ქვაზე მიმაგრებული გამოსახულებით - 90%-იანი სიზუსტით გაგცემთ იგივე პასუხებს, რასაც გეტყოდათ თავად თქვენი მეგობარი.
ტექნოლოგიები იცვლება და ცვლის საზოგადოებას და ინდივიდებს, შესაბამისად იცვლება რეალობის ვერსიები და მსოფლაღქმა და, ვინ იცის, იქნებ, უახლოესი ათწლეულების განმავლობაში, ასეთი სახის საფლავები ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა გახდეს ტექნოლოგიურად განვითარებულ საზოგადოებებში.
იქნებ, ასეთი სახის ცნობიერების კლონები - ჩვეულებრივ კომპიუტერულ სოფტებში მოგვევლინოს - ხასიათების და გენეტიკური კოდების შაბლონებით, default ვერსიებით და user friendly ღილაკებით, რომელთა დახმარებით მომავლის ჰაკერები ან დაინტერესებული მომხმარებლები მარტივად შექმნიან ახალ ან ააღორძინებენ წარსული დროის აჩრდილებს.
2011 წელი, ნაწყვეტი სიტყვით გამოსვლიდან, კიბერპანკების მიტინგი, ტიფლისი
ვირტუალური პანთეონის იდეის განსახორციელებლად ჩვენ დაგვჭირდება კარგი ჯგუფი:
ერთი გარდაცვლილი მწერალი [და სპეციალისტი ამ მწერლის ბიოგრაფიისა თუ შემოქმედების საკითხში]
ერთი ცოცხალი მწერალი, რომელიც დაინტერესებული იქნება თანამშრომლობაში.
დიზაინერი, რომელიც შექმნის მწერლების სამგანზომილებიან ბიუსტებს.
ვებ-პროგრამისტი, რომელიც შექმნის ვებ-პლატფორმას მონაცემთა ბაზისთვის და "აალაპარაკებს" გამოსახულებას.
პროგრამისტი, რომელიც დაწერს ბოტს რეალური ადამიანის მოგონებების საფუძველზე.
ვიდეო-მემონტაჟე, რომელიც გააკეთებს პრომო ვიდეოებს, კონცეფციის მაქსიმალურად მარტივი ახსნით. და ფონდი, ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ამ ყველაფერს დააფინანსებს.
რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ კი ჩვენ გვეყოლება ბიოლოგიური არსების კიბერნეტიკული კოპიო - მისი მეხსიერების შემნახველი ინტერაქტიული პროგრამა, რომელიც დაამარცხებს სიკვდილს და დარჩება რობოტულ "ხმად მღაღადებლისა" უკვდავების შესახებ მომაკვდავი სამყაროს უდაბნოში.
ბოლობოლო, საკუთარი სახელების წერა სკოლის მერხებზე, გრაფიტით ამოყვანა ქალაქის კედლებზე, შვილების კეთება, ფოტოების გადაღება, "здесь был вася" და ძეგლების აღმართვა და მილიონი სხვა ბანალური, განწირული საქციელი - იმ ფარული ინსტინქტის ძახილია ჩვენი სულების სიღრმიდან, რომელმაც გააცნობიერა ადამიანური დრამა და მარადიულად ცხოვრება სწყურია.
2011 წელი,ამონარიდი პროექტის პრეზენტაციის აუდიო-ჩანაწერიდან
დაბადება #203
- თავს ძალას ნუ დაატანთ - მეუბნება ვიღაც ქალი - დრო არის საჭირო იმისათვის, რომ სხეული და ცნობიერების პროგრამა სინქრონული გახდეს. ნელ-ნელა ყველაფერი გაგახსენდებათ.
…უცნაური ლურჯი პლანეტა მოჩანს უზარმაზარი, კათოლიკური ეკლესიებისთვის დამახასიათებელი ფანჯრებიდან, ცა შავია როგორც ძილი, პლანეტა თითქოს ამ ფანჯრებისკენ მოძრაობს, ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ის ორი საათის წინ გაჩნდა. თავში სადღაც გაგონილი ფრაზა მიტივტივებს - "ქარი იმიტომ უბერავს, რომ ხეები ირხევიან"
3012 წელი.
ექსპერიმენტალური დისპანსერი
"გამოღვიძების ცენტრი", მთვარე.





1 კომენტარი:
http://www.imdb.com/title/tt0485947/ ეს ფილმი გამახსენდა. ნანახი გექნება
Post a Comment