Oct 13, 2011

words: 250, Characters: 2063


ამ ტექსტის ნაცვლად აქ შეიძლება ყოფილიყო
ნებისმიერი სხვა ტექსტი.
ანბანის ასოების კომბინირება - უსასრულოდ ბევრი ტექსტის საშოა,
ამიტომაც ასეთი უსაშველო და მოსაწყენია პოეზია.

ამ ტექსტის ნაცვლად შეიძლება ყოფილიყო:
ამ ლოკალური ცის ქიმიური შემადგენლობა -
ჩამოწერილი მეცნიერული პედანტურობით,
აქ შეიძლება ყოფილიყო
ჩემი დნმ-ს კოდი - უსასრულო როგორც კოსმოსი,
გაუგებარი როგორც უძველესი ტომების მკვდარი ენები,
დაურედაქტირებელი, როგორც მოულოდნელი განრისხება,
როგორც ჩვენი უბნების არა-სატელევიზიო საღამოები,
როგორც პირველი შემთხვევითი სექსი, როცა ინსტინქტურად მიცოცავ პარტნიორის სხეულზე და გაოცებული ხარ საკუთარი მოძრაობებით.


აქ შეიძლება ყოფილიყო მხურვალე ლოცვა, სარეკლამო ტექსტი,
ნაწყვეტები კლასიკოსების რომანებიდან,
საპოლიციო ოქმი, ესეები რევოლუციაზე..მნიშვნელობა არ აქვს,
მაგრამ ამ ყველაფრის ნაცვლად აქ არის ეს:

თვითმფრინავების კვალს ვაკვირდებოდი ცის მონიტორზე,თეთრ ზოლებს მივყვებოდი თითით გაუჩინარებამდე,
ვმკითხაობდი ამ კვალზე, როგორც ყავაზე მკითხაობდნენ დედაჩემის დაქალები მისტიური სახეებით პატარა პროვინციულ ქალაქში,
რომელსაც უმცირესი ღრუბელიც ტბორავს წვიმით და მანქანას ჯობია გყავდეს - ნავი, კატერი უკეთესია,
 უპატრონო საფლავებიდან კუბოები იშვერენ კუთხეებს ქვიშაში ჩაძირული გემებივით -- დაუქნიე ხელი მისალმების ნიშნად,
ძროხები ძოვენ სკოლის და მერიის ეზოებში -- დაუძახე "მუუუ", იცინე,შეიმეცნე ანარქიზმის საფუძვლები.
გოგოები კითხულობენ რუსული მოდის ჟურნალებს და მათი მომავალი საქმროები ეწევიან ადგილობრივ მარიხუანას ინდუსტრიალიზაციის ფანტომურ ნანრგევებში,
სადაც ცა
გავდა ცარიელ ლურჯ თეატრს
ვარსკვლავური ომების მოლოდინში - მთელი ბავშვობა.

ასეთი მოლოდინი ყოველთვის ფარულ სიხარულს და კმაყოფილ ღიმილს აღძრავს
პოტენციური მაყურებლების გულებში,
ვინაიდან მოახლოებულ არს დასასრული
მათი "უძირო ბიოლოგიური სევდის"
ვინაიდან ომი და აპოკალიფსები
უფასო ბილეთებია
ჯადოსნური დღეების, წარმოუდგენელი ორგაზმების და რადიოთრიფების -
პრაქტიკულ სემინარებზე,
რომლებიც ისევ და ისევ შემთხვევითი,მშიერი სექსით მთავრდება შემთხვევით პარტნიორთან
და განვითარების ბიძგს აძლევს ბრმა ევოლუციას.
 "სიყვარული" და "მონატრება" პროგრამის ნაწილია ცვლადების დასარეგულირებლად,
სიკვდილის დასავიწყებლად.
ეგოს ნარკოტიკული ანტივირუსი მარტოობის ტროიანებისგან.


0 კომენტარი: