Aug 9, 2011

ტექსტი

"მაგრამ ახლოა დრო, ამხანაგო
მსოფლიო ნგრევის"
გ. ტაბიძე

დედაჩემი რადიოა,
საიდანაც ისმოდა განთიადი
რამდენიმე სანტიმეტრი ომამდე,
საითაც გაფრინდნენ უცნობი პილოტები,
როგორც გმირობის უკანასკნელი აქტი.

მე მითხრეს:
ოცნებათა ქარხანაში შენ იქნები მარტო, როგორც გენერალი,
რომელიც მიატოვეს ომებმა.
შენ იქნები მარტო როგორც წვიმის შემდეგ იზრდებიან სოკოები ტყეში,
ლოკოკინები გამოდიან ასფალტზე დასაღუპად, ბარიგები ადუღებენ ჩაის სამუშაო დღის დასაწყისში, ეფერებიან კატას უგდებენ ძეხვს.
ქარხანაში
ვერცხლისფერი თვითმფრინავების ბუდეებია,
სადაც ისინი ბარტყობენ და იზამთრებენ
ოცნებათა ქარხანაში
შენ იქნები ისე მარტო როგორც მძარცველები,
რომლებიც დიდი ხნის წინ მოვიდნენ აქ და დარჩნენ.

ოცნებათა ქარხანაში
დედაჩემი რადიოა
საიდანაც ისმოდა განთიადი
 ხარვეზებით
რამდენიმე სანტიმეტრი ომამდე
საითაც გაფრინდნენ ყაყაჩოსფერი პილოტები
აქა-იქ შემორჩენილი უძილობების გასანადგურებლად.

2008

0 კომენტარი: